„ტაილანდში დასვენება, ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი“ – პროკურორი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი პროკურორი გიორგი მუჯირი მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არაერთი აღიარება მოისმინეს.

როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, მათ მოისმინეს, რომ ფუფუნებისთვის საბიუჯეტო თანხების განკარგვა სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა“ – განმარტავს პროკურორი.

გიორგი მუჯირის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე არაერთი ტყუილი თქვა.

„ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. კერძოდ, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს.  ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა. არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. ოფიციალურ ვიზიტებზე, რომლებიც რეალურად მართლა სახელმწიფო მნიშვნელობას ატარებდა, სახელმწიფო რეალურად გაიღებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანხებს და იმავე პერიოდში გახარჯულია მილიონობით ლარი”, – განაცხადა გიორგი მუჯირმა“ – აცხადება მუჯირი.

მსგავსი თემები