“პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში” – გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობენ, სადაც ოპონენტები ამბობენ, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ვერ იქნება იქამდე განხილული სანამ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ იქნება ნორმალური. 

“ვიმეორებ, პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში. ანუ, საზოგადოებამ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აირჩია იმისთვის, რომ პარლამენტში ვიკამათოთ. მინიმუმ პარლამენტის 113 წევრი სჭირდება იმას, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ როგორ გგონიათ, 113 ადამიანის მხარდაჭერა როგორ უნდა განხორციელდეს, თუ წინასწარ არ მოხდება კონსულტაციები,” – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ნათელია, რომ თუ რაიმე საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, ის აუცილებლად კონსესუსით მიიღწევა.

“იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აწერდა ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელმაც აბსოლუტურად ყველა წესი დაარღვია ამ შეთანხმებასთან მიმართებაში, მათთან კონსესუსი მიღწევა საკმაოდ რთული იქნება,” – ამბობს დავით მათიკაშვილი.

მსგავსი თემები