სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სასამართლოსთან პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მისამართით, სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები