„პინოქიო” ან „ბურატინო” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ტყუილებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც მან სასამართლოზე ქართველების ემიგრაციასთან დაკავშირებით თქვა, ტყუილია. „არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო” ან „ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით.

„შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში იყო, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, “პინოქიო” ან “ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის კისერზეა წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი და ტერიტორიების ჩაბარება.

„მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის. 6 წელი აქვს შეფარდებული, სხვა საქმეებზე არ ვიცით რა მოხდება. შეიძლება, კიდევ უფრო დაუმძიმდეს, მაგრამ 6 წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად, იმის მოხდა არის აუცილებელი იმისთვის, მათ შორის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა. იმისთვის, რომ მომავალში, პერსპექტივაში, არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და მერე არ დაისჯება, ან შეიძლება ვიღაცა აწამოს და არ დაისჯება, ვიღაცა გააუპატიუროს და არ დაისჯება, ბიუჯეტიდან ფული მოიპაროს და არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს – არ დაისჯება, მედია მიიტაცოს და  არ დაისჯება“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები