ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„წარმატებით დასრულდა მთავრობებს შორის მოლაპარაკება. გერმანიის ფედერაციულ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი და ეს პროექტი შეეხება ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. შესაბამისად, ყველა ის პერიფერიული ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პანდემიიდან გამომდინარე ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის ა.რ. შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით.

ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან მოხდება გათავისუფლება შესაბამისი მოიჯარეების. სხდომაზე რეგიონში ვაქცინაციის პროცესზე, აჭარაში ციტრუსის რთველზე, ასევე საზამთრო კურორტების სეზონისთვის მომზადების საკითხებზე იმსჯელეს.

მსგავსი თემები