დავით ზალკალიანი რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.

მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში – ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.

მსგავსი თემები