„საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არის… ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, – ასე დაიწყო სასამართლოს წინაშე გამოსვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

როგოც მან განაცხადა, ის, რაც დღეს ქვეყანაში და ამ დარბაზში ხდება, სამარცხვინო და დამამცირებელია. მისი შეფასებით, საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არსებობს და სწორედ ეს გახდა მისი ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი მოტივი.   

„მე არ შემეძლო ჯდომა კიევში, ჩემს კაბინეტში როცა ჩემი ქვეყანა  ნაწილაკებად და მარტივ მამრავლებად იშლება. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია. მინდა დავიწყო იმით, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზში, რატომ ვარ დღეს საქართველოში – თქვენ იცით, მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, მაგრამ ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო.

მინიმუმ ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს – მექსიკაში წავუკითხე ამას წინათ ლექცია 600 მილიონერს და მილიარდერს საგადასახადო კოდექსზე. მე ეს ყველაფერი გვერდით გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერზე იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე.

მსგავსი თემები