გათავისუფლება დასაქმებულთა 50%-ზე მეტს შეეხება, რაც დაახლოებით 600 ადამიანია – ნინო ზაუტაშვილი 

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიიდან თანამშრომლების ნახევარზე მეტის დათხოვნა იგეგმება, რაც დაახლოებით 600 ადამიანია. ამ ეტაპზე კი, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე სამსახურიდან გაშვებულია  22 ადამიანი, რომელთა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, პროფკავშირებმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით უკვე მიმართა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, საუბარია ტელევიზიიდან ადამიანების გაშვებაზე იმ დროს, როცა კერძო ტელეკომპანიებიდან, 2 წლის განმავლობაში 288 ადამიანი მიიღეს. გათავისუფლება შეეხო აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, გადაცემის წამყვანებით დაწყებული ტექნიკური პერსონალით დამთავრებული, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ტელევიზიის მუშაობა და ეს უკვე სახეზეა.

“ტელევიზიაში დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მძღოლებისა და ოპერატორების დეფიციტი, არ არსებობს ტელევიზიის განვითარების გეგმა. საზოგადოებრივ მაუწყებელში არის მართვის კრიზისი, მაგრამ ამას ჯიუტად არ აღიარებს გენერალური დირექტორი.  დაპირებული 15 %-იანი რეიტინგის ნაცვლად, ჩვენი რეიტინგი და ტელევიზიისადმი ნდობა საერთოდ ნულს ქვემოთ არის. ძალიან დიდი კითხვის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, თუ რატომ იხდის ბიუჯეტი ამხელა ფულს ამ ტელევიზიის მუშაობაში. არ არის ეფექტიანი მართვა, არ მიმდინარეობს თანხების ეფექტიანი ხარჯვა, ამ დროისთვის ეთერში არ გადის პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული გადაცემები. მათ მიაჩნიათ პრიორიტეტად უკვე მოძველებული და ათასჯერ გათელილი პროექტი, მაგალითად “მეგა შოუ”,- აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.

მისივე თქმით, “მეგა შოუს” და რეორგანიზაციის წინააღმდეგი არავინ არის, თუ ეს ემსახურება ტელევიზიის უკეთ წარმოჩენას. “საზოგადოება და საზოგადოებრივი დღეს ძალიან არის აცდენილი ერთმანეთისგან. ამ 22 ადამიანის გაშვების არგუმენტირებული პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ”, – აცხადებს ჟურნალისტი.

აღნიშნული საკითხის იურიდიულ ნაწილს განმარტავს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ნესტან ლონდარიძე. მისი ინფორმაციით, გაშვებულ 22 თანამშრომელთან არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშკრულება, რაც მათ გრძელვადიან სოციალურ სტაბილურობას  უზრუნველყოფდა, თუმცა მათ სრულიად საპირისპირო პირობები შესთავაზეს და იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ხელშეკრულების ფორმის ცვლილებაზე უარი განაცხადეს, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

​ამ შემთხვევაში მივიღეთ საპირისპირო მიდგომა, როდესაც საზ მაუწყებელმა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმებული, შესთავაზეს გაურკვეველი პირობები, რაც მოიცავდა შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. თუმცა ასეთ შეთავაზებაში ცუდი არაფერი იქნებოდა, თუ იქნებოდა განსაზღვრული მინიმალური სამუშაო დღეების ოდენობა. როდესაც მივმართეთ მედიაციას და მოვითხოვეთ რომ ამ შეთავაზებაში განსაზღვრულიყო მინიმალური შრომის დღეები, ამაზე უარი განგვიცხადეს. მათ გვითხრეს, რომ შესაძლებელია ეს ადამიანები საერთოდ არ დასჭირვებოდათ”, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

 

მსგავსი თემები