“თუ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, მოვითხოვთ, რომ 29-ში პროცესს დაესწროს” – ადვოკატები

სააკაშვილის ადვოკატის,  ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასამართლო პროცესებზე არ ასწრებდნენ, რადგან “მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს თვე-ნახევრის განმავლობაში ემალებოდა”

“10 ნოემბრის პროცესზე, როდესაც მას ჰქონდა ფიზიკურად ძალა და ენერგია, რომ გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად, კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად, რაც შეეხება 29 ნოემბრის პროცესს, 29-ში თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო პროცესს დაესწროს”, – თქვა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

მსგავსი თემები