ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს აკისრებს. როგორც კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა,  ამ კაცს ელემენტარული კაცობა არ ჰყოფნის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი. ეს უპასუხისმგებლო კაცი, მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. მას კაცობის არაფერი სცხია, მან ეს დაამტკიცა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ როცა იყო ოპოზიციის ლიდერი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, სწორედ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

“სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ამ შეწყვეტაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის, ელენე ხოშტარიას საკითხიც. ამას არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რითაც ავლენს თავის ბუნებას, რომ სტრასბურგის სასამართლო მისთვის არაფერია. ეს ადამიანი საქართველოში შემოიპარა ტრაილერით და იმის გარისკვაც კი არ უნდოდა, რომ შემდეგ მოხვდებოდა ციხეში და უნდა რამენაირად გათავისუფლდეს იმ 6 წლიანი სასჯელისგან, რომელიც აქვს შეფარდებული. ჩვენი მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება“ – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები