კონსილიუმის წევრის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მათ დასკვნას ეთანხმება

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მათ არგუმენტებს სრულად იზიარებს და ეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიზანშეწონილი არ არის.

„მინისტრი დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“ – განუცხადა ანესთეზიოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

მას იმედი აქვს, რომ მინისტრი მხარს დაუჭერს ყოფილი პრეზიდენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

„გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა – გადმოყვანის შესახებ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს. კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შესძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს, ალბათ, სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა პოლიტიკური მოღვაწე და დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“, – განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მედიასთან.

მსგავსი თემები