„ანტივასერთა“ საყურადღებოდ – მიეცით მედიას თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა“ – „მედიაცენტრი მთავარი“

დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE) მორიგი პროვოკაცია განხორციელდა. ე.წ. ანტივაქსერებისგან შემდგარი ჯგუფი შეიჭრა კერძო საკუთრებაში, „მედიაცენტრ მთავარში,“ როცა მედიაცენტრში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავდა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე, ინფიცირების მაღალ მაჩვენებელსა და სიკვდილიანობაზე საუბრობდა.

4 კაციანი „ანტივაქსერთა“ ჯგუფი პრესკონფერენციის მსვლელობისას შეიჭრა მედიაცენტრში სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებით და შეეცადა პრესკონფერენციის ჩაშლასა და ყურადღების მიქცევას. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ მოწვეულ სტუმარს, არამედ, მედიას.   

„მედიაცენტრი მთავარისა“ და ჟურნალისტების სახელით მოგიწოდებთ და  გთხოვთ, მიეცით მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება. ნუ ცდილობთ,  საკუთარი შეხედულებები აგრესიული ფორმით გამოავლინოთ მედიასთან,  მით უმეტეს მაშინ, როცა კორონავირუსით ქვეყანაში ყოველდღიურად 80-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

მსგავსი თემები