გარდაცვალების შემთხვევები ორსულებშიც საკმაოდ მაღალია

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა ორსულებში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

„ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს ჩვენ კორონავირუსით გარდაცვლილი 17-18 ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009-2010 წელს გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს. ძალიან მაღალი ლეტალობა იყო მაშინაც, 34-მდე გარდაცვლილი გვყავდა. ვაქცინაციამ და მედიკამენტებით მართვამ ეს რაოდენობა შეამცირა.  გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც“, – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე, კვლევებით არ არის დადასტურებული, რომ დედის ინფიცირება იწვევს ნაყოფის ზრდის ჩამორჩენას, სიმახინჯეს ან ნაადრევ აბორტს, თუმცა, ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა.

მსგავსი თემები