თბილისში, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით 97 000 კვ/მ-ზე მეტი ფართობი გამწვანდება 

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. შემოდგომის ბოლომდე 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.

წინასწარ შერჩეული ადგილებია: სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები; მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან); ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები; წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები; გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები; ჯავახეთის ქუჩა; მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია; ​ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს სტადიონის მიმდებარედ) არსებული კუნძული; ძმები ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები; თამარაშვილის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი; პეკინის გამზირი (არქივის შენობის მიმდებარედ).

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დაირგვება, როგორც საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხე-მცენარეების სახეობები, ასევე, სუროები, დეკორატიული ბუჩქები და ხე-მცენარეები, რომელიც თბილისის გამწვანებისთვის არის გათვალისწინებული.

მათივე ინფორმაციით, ეს არის თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულების პირველი ნაბიჯი, რაც მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის და იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი იყოს.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნერგების ნუსხა, თბილისის ლანდშაფტის გათვალისწინებით, სპეციალისტების მიერ შეირჩა. ნუსხაში წარმოდგენილია დეკორატიული ბუჩქები და დიდი ზომის ხე-მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, აკაცია, ღვია, ბზა, იფანი, ჰიმალაის კედარი, იაპონური სოფორა, იაპონური კვიდო, ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი უთხოვარი, დეკორატიული ტყემალი (წითელფოთოლა) ქვამუხა და ზეთისხილი.

​დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი, დარგვამდე, დროებით შესანახად ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა.

მსგავსი თემები