თუ მიხეილ სააკაშვილს გლდანიდან გადაიყვანენ, თანამშრომლობა შედგება – რა შესთავაზა ელენე თევდორაძემ „ოცნებას“?!

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია იმ საკითხებზე საუბრობს, რაც მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა. როგორც ხოშტარია აცხადებს, არსებობს ვერსიები, რაც შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აღმოჩნდეს.

„მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ, ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.

მეორე, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ან პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის ჩიხში გადავარდნა რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს ვიზამთ და ეს სიმტკიცე მე მათ რა თქმა უნდა, გავუზიარე. ჩემი ამოცანა არ არის ამ საკითხში არავის კედელთან ან კუთხეში მიმწყვდევა“ – განუცხადა მოშიმშილე დეპუტატმა ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, მთავარია მიხეილ სააკაშვილის გლდანის კლინიკიდან გადაყვანა.   

„თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, რომელშიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის. ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე. მე ვერ მივცემ თავს უფლებას ვისაუბრო კობახიძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად. ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, მათ შევთავაზე და რა თქმა უნდა, მათ აქვთ დრო, არც თუ ისე ბევრი იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები