„მგონია, ვერ მოიტაცებენ“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რადგანაც ეს რისკთან არის დაკავშირებული.    

„სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.

მან არ დააკონკრეტა რა რისკებზეა საუბარი, თუმცა, ახსენა სიტყვა „მოტაცება“.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ. მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას“ – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები