„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“ – ტარიელ ნაკაიძე

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა მან პარლამენტის სესიაზე გააჟღერა.

„დღეს 16 ნოემბერია – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. წესით ჩემი გამოსვლა მოლოცვით უნდა იწყებოდეს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის მილოცვა საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“  წევრი ტარიელ ნაკაიძემ ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარების შეფასებისას.

ტარიელ ნაკაიძე ასეთ ვითარებაში პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის აზრს ვერ ხედავს, თუმცა საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას მაინც აპირებს.

„დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვმსჯელობდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, თუმცა სამარცხვინოდ ვერ გასცდა ჩვენი დღის წესრიგი ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ვიდრე არ დადგება დრო ქვეყანაში როცა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების რეალიზებისა, ვთვლი, რომ ამ დარბაზში ყოფნას აზრი არა აქვს. იმასაც დავამატებ, რომ აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტრიბუნას“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

დეპუტატი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ, რაც მისი აზრით,  „ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს“.

„მოგიწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, სამწუხაროდ, არ შემოგაკვდეთ ადამიანი. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები – ეს იქნება შანსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადარჩენის და ამავე დროს თქვენი პოლიტიკური გადარჩენისაც“, – მიმართა ტარიელ ნაკაიძემ უმრავლესობას.

მსგავსი თემები