„კონსილიუმი მაშინ იქნება მოწვეული, როცა ამისი საჭიროება დადგება“ – მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. როგორც მინისტრმა განმარტა, კონსილიუმი გაუქმებული არ არის და მას მაშინ მოიწვევენ, როცა ამისი საჭიროება დადგება.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინიტროს, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება, არამედ არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ კონსილიუმი გაუქმებულია.

„მე არ მითქვამს, რომ გაუქმებულია კონსილიუმი. როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას, ამაზე  უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა. მე-12 დაწესებულება არ იყო სამკურნალო დაწესებულება, შესაბამისად, საჭირო იყო დამატებითი მოსაზრებების მოძიება. მრავალგზის გადავუხადეთ მადლობა კონსილიუმის წევრებს იმ ღირებული რჩევებისთვის, რომლებიც მათ მოგვცეს. ამ შემთხვევაში, თუ იქნება საჭირო დამატებით, ბუნებრივია, ჩვენ მათ მივმართავთ თხოვნით და მოვიწვევთ, რათა მათგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ“, – განმარტა მინისტრმა.

მსგავსი თემები