მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში არ ჩატარდება

ე.წ. პიჯაკების საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში არ გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს, ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს.

როგორც მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა განმარტა, ამ საკითხს წერტილს აქვე დაუსვანს.    

„დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს.  სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას. პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ, ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს.  ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მდგომარეობა, გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას“ – განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

“ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული, ან ცალ-ცალკე თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით, ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც“ –  განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე არ მივიდეს.

„მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში არ უნდა იყოს მიყვანილი. ეს არის ხელისუფლების ამოცანა. ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა, რომ არ მიეცეს ჰიპოთეტური შესაძლებლობაც კი, რომ წარსდგეს სასამართლოს წინაშე. არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც კრძალავს ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასწრებას“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.    

მსგავსი თემები