„როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს“ – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს,  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაციის გამო, გადასხმას დათანხმდა.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“,- წერს ხოშტარია.

დეპუტატი პარლამენტში მე-13 დღეა შიმშილობს.

მსგავსი თემები