„პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზადაა, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს. ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული. მისცემენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლებას, ამ ეტაპისთვის უცნობია.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, პრეზიდენტს სურვილი აქვს, სასამართლო პროცესში თავად მიიღოს მონაწილეობა.

„მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე დღეა გაიგზავნა. მას აქვს სურვილი პროცესს დაესწროს. ყველანაირი სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის თაობაზე არსებობს“ – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც აცხადებს, რომ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. „გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად არის შეხვედრისთვის სასამართლოში“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ „პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას  საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მსგავსი თემები