მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ

გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი  მზადაა გაიზიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს შიმშილობა, თუ  მოხდება მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა. შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა წამოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.

ასევე უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.

ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.

კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი პარიტეტულ საფუძველზე ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის არამედ სავალდებულო, როდესაც მე დავემორჩილები უპირობოდ და უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში შიმშილობის დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც ციხიდან ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

მსგავსი თემები