სააკაშვილის დამამცირებელ და ნახევრად შიშველ კადრების გავრცელებაზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებით შეყვანასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ამგვარი კადრების გავრცელება შეურაცხმყოფელია, ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და უნდა შეწყდეს მსგავსი დამამცირებელი და ნახევრადშიშველი კადრების გავრცელება.  

„იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით (https://bit.ly/3c3j7og), გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება. სახალხო დამცველი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა“, – ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურ,ა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც, მას დაახლოებით 6-7 ადამიანი ფეხებსა და მკლავებზე კიდებს ხელს და დაწესებულებაში ძალით შეჰყავს. შემდეგ კი, ციხის საავადმყოფოში იატაკზე აწვენენ, კადრებში ჩანს წელს ზევით შიშველი მესამე პრეზიდენტი.  

მსგავსი თემები