სუს-თან საპროტესტო აქციისას დაკავებულ სამ პირს გორის იზოლატორში ადვოკატი ხვდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია გორის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

დაკავებულებთან ამ წუთებში ადვოკატი იმყოფება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს.

ლიკა ტურაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„გუშინ ვიყავი შესული და მოვინახულე სამივე დაკავებული. ბესო გაზდელიანს, ირაკლი კვარაცხელიას და დავით ტყებუჩავას ედავებიან ორი მუხლით. ესაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, რაც გულისხმობს ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას. როგორც დაკავებულებმა მითხრეს, მათი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ზოგიერთ მათგანს, უბრალოდ უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს. დიდი ხნის განმავლობაში ახლობლებმა არ იცოდნენ, სად ჰყავდათ მოთავსებული.

არც ერთის შემთხვევაში დაკავებისას ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას. მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ნუღარ გაამწვავებენ სიტუაციას. ერთის დაკავების ნაცვლად, ათი გამოვა, ათის ნაცვლად, ასი გამოვა და ყველანი რთულ და გამოუვალ ვითარებაში აღმოვჩნდებით. ახლა შევდივარ, რომ დავაზუსტოთ დეტალები, შევხვდები დაკავებულებს“, – განაცხადა ადვოკატმა ლიკა ტურაშვილმა.

ირაკლი კვარაცხელიას, დავით ტყებუჩავას და ბესო გაზდელიანს ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი თემები