გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის და ექსპერტიზის პროცედურა ჩატარდა

სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.

დაახლოებით 8-საათიანი პროცედურის შემდეგ, გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც და დაილუქა ტანსაცმელი, რომელიც გლდანის დაწესებულებაში შესვლისას ეცვა. გამომძიებლის თანახმად, ექსპრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა, საბოლოო დასკვნას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს. მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვისას სააკაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე.

„მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე, მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც“, – განაცხადა თუთბერიძემ. მისივე ინფორმაციით, დახეულია ტანსაცმელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას. ადვოკატის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე პროცედურას არ ესწრებოდა და გამოკითხვაში სხვა გამომძიებელი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები