ადვოკატი ბექა ბასილაია “სააკაშვილის საქმეზე” სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განმხილველი სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამი მოსამართლე, ნინო ელეიშვილი (თავმჯდომარე), ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი განიხილავენ. ბექა ბასიალაიამ მათი აცილების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მოსამართლეებს სთხოვა, ყველა ღონე ეხმარათ იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი პრეზიდენტისთვის საკუთარ პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცა და იგი სასამართლო სხდომას დასწრებოდა.

“თქვენ უნდა იყოთ აცილებული, იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილებები არის არაჰუმანური. თქვენ მონაწილეობას იღებთ ადამიანის წამებაში”, – უთხრა ბექა ბასიალაიამ მოსამართლეებს. ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლების მიღებაზე, “ვინაიდან არავინ იცის, მომდევნო დღეებში იქნება თუ არა ის ცოცხალი ან შეეძლება თუ არა სასამართლო სხდომებში მონაწილეობა.”

“მე კარგად ვიცნობ მოსამართლე ლია ორკოდაშვილს, მოსამართლე მაია ქოქიაშვილს, მოსამართლე ნინო ელიაშვილს და თქვენი განვლილი გზის გათვალისწინებით, ვერ წარმომიდგენია, თუ არა მუქარა, დაშინება ან კორუფციული მოტივაცია, მიგეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. მე თქვენ პატივს გცემდით. მართლმსაჯულების აღსრულებისთვის მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნა იყო საჭირო და თქვენ ამისთვის არაფერი გააკეთეთ და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდით”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი თემები