ქერჩის კოლეჯში დაღუპულთა შორის 11 არასრულწლოვანია – მკვლელი სტუდენტია

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლებისა შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. როგორც ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დილიავერ მელგაზიევი იტყობინება, მორგში დღეს კიდევ 4 დაღუპული გადაიყვანეს. ყველა დაღუპულის ვინაობა ცნობილია, 20-ვე ამოცნობილია.

როგორც belta.by იტყობინება დაღუპულთა შორის დაწესებულების 5 თანამშრომელი და 15 მოსწავლეა, ამათგან 11 არასრულწლოვანი. საავადმყოფოში რჩება 44 დაზარალებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა ხარისხისაა. 8 ბავშვს და 2 ზრდასრულ დაზარალებულს ამზადებენ ტრავმატოლოგიურ-ქირურგიულ ცენტრში გადასაყვანად.

​რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა კოლეჯში მომხდარი ტრაგედია “ტერაქტიდან” “ორი და მეტი ადამიანის მკვლელობის” მუხლით გადააკვალიფიცირა. მათივე ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი კოლეჯის VI კურსის სტუდენტმა, 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა გახსნა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად მოხდა.

მსგავსი თემები