“გუშინ ერთ-ერთ თათბირზე, განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინ აქციაზე ერთ-ერთ თათბირზე, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა. 

“30 ოქტომბერს დასრულდა არჩევნები და ამასთან ერთად დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიცია- დაებრუნებინათ ძალაუფლება და აღედგინათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი. “ქართული ოცნება” ამ ქვეყანაში არის ღირსების გარანტი და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. 

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბარი რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც სუსმაც გაავრცელა ინფორმაცია. 

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე, განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა, უმკაცრესად დაისჯება,”- განცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები