“სასამართლოს წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთებენ მოთხოვნას” – ბექა ბასილაია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მას დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და უთხრა, რომ ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ბასილაიას თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული.

„ახლა დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხელ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს. მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესედება და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომ ის წარდგეს სასამართლოს წინაშე. კეთილი ინებონ და ხვალ აღარ გამოიგონონ მიზეზები და მიხეილ სააკაშვილი მოიყვანონ სასამართლო დარბაზში. მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, მოიკრებს უკანასკნელ ღონეს, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს“, – განაცხადა ბასილაიამ.

ხვალინდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს.

მსგავსი თემები