რადას 89 დეპუტატი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით მიმართავს

უკრაინული რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით მიმართავენ.

რადას 89 დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. მიმართვას გამოცემა ГОРДОН ავრცელებს.

“ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა ის სიცოცხლის ფასად დაიცვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის გამჯდარი. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით,” – აცხადებენ დეპუტატები.

მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის მოვალეობა და უფლებაა.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი სიცოცხლე ნამდვილად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. აუცილებელია მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო კლინიკაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, და ასევე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობის ხელმძღვანელობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ აღმოუჩინოთ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურების უმაღლესი კლასი, რაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტიას მოგვცემს; უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო და სამართლებრივი სათანადო დაცვა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი უკრაინაში დაბრუნება,” – აცხადებენ დეპუტატები.

დოკუმენტს ხელს უკრაინული რადას 89 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია, ასევე ლიზა იასკო და სხვები.

მსგავსი თემები