„არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს“ – ნიკა მელია

„არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს,  როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში“ – აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და მხარდამჭერებს ხვალ დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟება.

მისი განცხადებით, ერთადერთი, ვინც სავსეა ზიზღითა და სიძულვილით,  არის ხელისუფლება.

„ეს არის არაკაცების ხელისუფლება, დიახ, არაკაცებისა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში, მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავე და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს, დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, თითოეული მათგანი არიან არაკაცები, არაკაცობაა ეს ყველაფერი და სხვა შეფასება ამას ვერ მიეცემა. ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული, მის ქვემოთ – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები, არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს,  როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში. ჩვენ, ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს“ – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ახლა უკვე საუბარია სიცოცხლის გადარჩენა-არგადარჩენაზე.

„ხვალ, 17:00 საათზე ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან და ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები