„მთელი საქართველო უნდა  დაიძრას თბილისში“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ წერილს აგზავნის და საქართველოს მოსახლეობას მობილიზებისკენ მოუწოდებს. „მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით“ –  აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და შაბათს დაგეგმილ აქციას ელოდება.

„დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული  ცვლილებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ბევრად ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარ კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას“ – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აქციების სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარების საჭიროებასაც ხსნის და მაგალითად იუგოსლავია მოჰყავს.

„ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ, წავიდნენ ბელგრადისაკენ. რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შესძლებს საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.  

მსგავსი თემები