„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“ – ევროკავშირი იუსტიციის უმაღეს საბჭოში წევრების დანიშვნაზე

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროცესს გაუმჭვირვალესა და არაკონკურენტულს უწოდებს.

ელჩის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:

„31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.

დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50- ე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი –საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები