მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვების წინააღმდეგია

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვების წინააღმდეგია.

„ვიზუალურადაც ეტყობა, რომ უკვე რომ სერიოზული სისუსტე აღენიშნება. შიმშილობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებთან, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით მის პოზიციას, იგივენაირად ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მორალურად და სამართლებრივადაც კარგი იქნება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ სააკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს. მე რომ დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, მხოლოდ იმის მეშვეობით შევძელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ამაში ხედავს ძალიან დიდ რისკს, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა“ – განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ დამტკიცდება.   

„მეორე არის საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ეს ჩასატარებელი გვაქვს. ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ასე იქნება, სააკაშვილი არის იგივე პოზიციაზე, მაგრამ ეს ორი ფაქტორი დასაკმაყოფილებელია. თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, თავი შეგვეკავებინა მანდატების დატოვებაზე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები