„კლინიკა 100%-ით დატვირთულია, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მხრივ არსებობს. როგორც მან განმარტა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა და თუ არსებული რეალობა გახანგრძლივდა, შედეგი არაკეთილსაიმედო იქნება.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის პროპორციულად, დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა. ამ მხრივ, არც ჩვენი კლინიკაა გამონაკლისი.  თითქმის 100%-ით კლინიკა დატვირთულია, საწოლფონდის 90% სრულად არის ათვისებული და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან.

ქვეყანაში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა. უფრო დრამატული მოლოდინიც გამაჩნია, რადგან ვხედავ სიტუაცია როგორ ვითარდება. დღითიდღე მატულობს დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა და თუ ასე გაგრძელდება, პროგნოზი იქნება არაკეთილსაიმედო. მით უმეტეს, სეზონური ვირუსის თანდართვასთან ერთად ველოდებით არამარტო კორონავირუსით დაავადების, არამედ ზოგადად რესპირატორული დაავადებების რაოდენობის ზრდას და რა თქმა უნდა, ეს გაზრდის მძიმე პაციენტების წილს და კიდევ უფრო გაზრდის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები