„ბიულეტენების გადათვლას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“ – აცხადებენ ცესკოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენების გადათვლა დასრულებულად გამოაცხადა. როგორც ცესკოში განმარტავენ, პროცესს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის დეტალური შედეგები კი 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვანად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას.

აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების სიზუსტეს. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა, უკვე პირველი ტურის შემდეგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო ხელი აღნიშნულმა პროცესის გამჭვირვალობას და ზოგადად, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“ –  განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მსგავსი თემები