აშშ-საელჩო არჩევნების დღეს, მედიასა და დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ერთ-ერთი ნაწილი მედიასა და დამკვირვებლებზე თავდასხმას ეხება. საელჩო შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ფაქტები გამოიძიოს.

„ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით“ – ამონარიდი საელჩოს განცხადებიდან.

მსგავსი თემები