მცხეთაში გამოცხადებულმა მორატორიუმმა ქალაქის განვითარება შეაფერხა – დიმიტრი ხუნდაძე 

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის მოხსნას და წლებით დაგვიანებული გენგეგმის დროულად დასრულებას ითხოვს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში, მისივე შეფასებით, მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს.

„ქალაქი მცხეთა იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და შესაბამისი წესები მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ღირებული და უპირველესია რელიგიური სიწმინდეები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის ისტორია, მაგრამ ამ ქალაქში მოსახლეობა ცხოვრობს და მათ არ უნდა მოვუსპოთ განვითარების უფლება”, – მიაჩნია დეპუტატს.

​დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს, სავარაუდოდ 2 წლით კიდევ გაგრძელდება.
“აქამდეც შესაძლებელი იყო მცხეთის გენგეგმის შემუშავება, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს დღემდე ვერ ხერხდება. საბოლოოდ, ამის გამო ზარალდება ყველა და ყველაფერი. თითოეულ მცხეთელს უყვარს თავისი ქალაქი, მაგრამ ამასთანავე ყველას სურს განაგრძოს არსებობა და ღირსეული ცხოვრება”, – აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, მცხეთაში გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაჩერა ყველა მშენებლობა, მათ შორის, ნებადართული მშენებლობებიც. ზოგჯერ შეუძლებელია ელემენტარული კომუნიკაციების მოწყობაც კი. შეჩერდა ტურიზმის განვითარებაც, რადგან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების აშენებას. ეჭვქვეშ დგას საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციით დაცულია. ამ პირობებში შეუძლებელია გარე ვაჭრობის რეგულირება.

“წლობით გაგრძელებული მორატორიუმი სერიოზული პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რის გამოც დღითიდღე იზრდება ხალხის უკმაყოფილება. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა სწორედ ის, რომ მცხეთამ იუნესკოს ჩამონათვალში საკუთარი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ამასთანავე, აუცილებელია ხალხს მივცეთ  პერსპექტიული ცხოვრების საშუალება. საჭიროა დავიცვათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და ამავე დროს დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესებიც“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

​მისი აზრით, მცხეთას სჭირდება ქალაქის გენერალური განვითარებისა და მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაადგენს წესებს, მაგრამ მის შემუშავებას არ უნდა სჭირდებოდეს წლები.

მსგავსი თემები