ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%-ია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 825 129 ადამიანი მივიდა რაც 39,5%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში – 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში – 33,9%.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 2 საათი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ასევე აღვნიშნავთ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში – Google drive-ის პლატფორმაზე.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები