“თქვენ ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები” – მიხეილ სააკაშვილი

გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში უხმაუროდ ჩამოვედი, თავი ავარიდე პროვოკაციას – ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩემს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისადმი მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, მას არ სურს არცერთი თანამდებობა.

„რატომ ვშიმშილობ? იმიტომ, რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ, რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვე.

ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს, შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება იმიტომ, რომ არ არის დაცული არცერთი სამართლებრივი ნორმა.

თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში უხმაუროდ ჩამოვედი, თავი ავარიდე პროვოკაციას, უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი ხალხი მიყვარს და არ მინდა ვინმეს რამე დაუშავდეს.

ბოლო 2 დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე. ღარიბაშვილმა თქვა, უნდა მოკვდესო, თვითმკვლელობის გზით, ან კრიმინალებთან გადაყვანითო. მეორე ჩემთან იყო მეუფე გრიგოლი, რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პირადი ბოღმა, ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო.

მეუფე გრიგოლთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როდესაც ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ, ცალკე თეატრი ავაშენეთ.

რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა, ან პოსტი. ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩემს სამშობლოს.

თითოეულ თქვენ ხმაზეა და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით, უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მსგავსი თემები