არც მკურნალობა, არც ანალიზები – მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ მედიკამენტსა და მკურნალობაზე უარს აცხადებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო. ამჯერად, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.  

„აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით – არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიზარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ“ – წერს მესამე მესამე პრეზიდენტი.

ის მხარდამჭერებსაც მიმართავს და სთხოვს, დაიცვან თავიანთი ხმები.  

„პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ, ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე სრულიად სხვა და სხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანების. ხვალ არის მეორე ტური, რაც გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.

დღეს, ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენთაგანის იმედი და ე.ი. გამარჯვებული ხვალის იმედი. გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნეთესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ, ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნი უბნებთან რათა ერთად დავიცვათ ხმები, ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვენს ხელშია ახლა საქართველოს ბედი და ჩემი ბედიც. მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი თემები