“სანამ არ აღდგება მისი უფლებები, სააკაშვილი არ აპირებს, გააგრძელოს მკურნალობა, მედიკამენტების მიღება და ანალიზების ჩაბარება” – ადვოკატი

შიმშილობის 28-ე დღე – მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებადამცველები და თანაგუნდელები მიდიან. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრების ოთახში ტიხრები, საიდანაც მათ საშუალება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისთვის წერილი მიეწვდინათ, ამოვსებულია. 

“ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა, მიგვეწვდინა წერილი, ხელი მოეწერა. ეს დღეს უკვე შეუძლებელი არის. ისევ იმ აზრზეა – იქამდე, სანამ არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს შეხვედრების ოთახი და სანამ არ აღდგება მისი უფლებები, არ აპირებს, გააგრძელოს მკურნალობა, გააგრძელოს მედიკამენტების მიღება და ანალიზების ჩაბარება.

ანალიზების ჩაბარებით უფრო პროგნოზირებადი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ ვინაიდან ესეც აღარ გვაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება გონება დაკარგოს,” – ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ციხესთან მივიდნენ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. ისინი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ.

“მე ვუცხადებ მას მხარდაჭერას, ვნერვიულობ, საკმაოდ ბევრი დრო გავიდა რაც შიმშილობს. მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს სასამართლო ევროპელი მოსამართლეების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ სასამართლო დაინიშნება, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ,” – ამბობს სამშობლოში დაბრუნებული ერთ-ერთი ემიგრანტი. 

მსგავსი თემები