“მადლობა ღმერთს, დაისვენა როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ” – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობებს ორი მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობაში, იყო სააკაშვილის ფაქტორი და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ქმნის თუ არა უხერხულობას ორი ქვეყნის ურთიერთობაში უკრაინელებისთვის შემოსვლაზე უარი“.

მისივე თქმით, პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, აქედან შოუ მოაწყონ.

„გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი საერთოდ ყველანაირი დღის წესრიგიდან გაქრება 30 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება-არ შეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი. იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. მთავარი არის, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. არ ვიცი, კონკრეტულმა უწყებამ რატომ არ შემოუშვა კონკრეტული პირი საქართველოში, ამაზე განმარტებას მე ვერ გავაკეთებ, ჰკითხეთ და განმარტავენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახენებთ, გუშინ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა და აეროპორტიდან უკან გააბრუნა.

მსგავსი თემები