ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინეს პაკეტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ამჟამად ძირითადად დისკუსია მიმდინარეობს მწვანე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსისა და შეთანხმების საფუძველზე იღებს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველ სამშაბათს ვამბობს, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, არამედ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვისა და კონსენსუსის წესით. გიდასტურებთ, იმუნზაციებში, აცრებში სავალდებულოება არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება.

ახლა ძირითადი დისკუსია მიმდინარეობს მწვანე პასპორტებზე, მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული. ჩვენ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად და შემდეგ მიღებული იქნას დაბალანსებული გადაწყვეტილება. ხშირად ვამბობ, რომ იმუნიზაციის პროცეში ვინც მიაღწია 50 და 60 პროცენტზე მეტს, ყველგან რაღაც ეტაპზე გარკვეული დამატებითი ბერკეტი შემოიღეს. ალბა ჩვენთან ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება სადღაც 35-27 პროცენტი, მაქსიმუმ 40 პროცენტი, იმის ზემოთ ჩვენ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. მწვანე პასპორტის მექანიზმი არ არის მანდატორიზმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები