უსაფრთხოების რისკი, შეურაცხყოფა, აგრესია, ხმაური, პროვოკაცია – რა ელის სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში?!

სახალხო დამცველის აპარატმა ციხის საავადმყოფოს ის პალატაც შეამოწმა, სადაც მიხეილ სააკაშილის გადაყვანა იგეგმება. როგორც ომბუდცმენის დასკვნაში ვკითხულობთ, უსაფრთხოებისა და სხვა მხრივ რისკი დიდია. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ურჩევს,  პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება შეარჩიოს.

„აღსანიშნავია, რომ N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე სახალხო დამცველის დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში. (https://bit.ly/3BbmRhM)

გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა.

2021 წლის 24 ოქტომბრის მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები. ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები. 2015 წელს დაფიქსირდა მსგავსი ინციდენტი N8 დაწესებულებაში.

ვინაიდან N18 დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია N8 დაწესებულების ეზოს გავლა, ხოლო თავად N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების გვერდით, მიგვაჩნია, რომ არსებობს ამ ორი დაწესებულების დეზორგანიზებისა და პატიმართა უსაფრთხოების რისკები. ეს საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია,  რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის”,- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი ავრცელებს.

მსგავსი თემები