ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს გულის გაჩერების საფრთხე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია. მისივე მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთი რისკი, რომელიც არსებობს, გულის გაჩერებაა.    

„ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირადაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში. გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა,ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი“ – განმარტავს გვარამია.  

მსგავსი თემები