„მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა“ – პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური, პატიმრობაში მყოფ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილმა პრეზიდენტმა ისარგებმა იმით, რომ დღეს შხაპის მიღების დღე ჰქონდა.   

„ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ, დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი;

კერძოდ, „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს“, – ვკითხულობთ  პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს გისოსებიდან მიმართა.

მსგავსი თემები