“თქვეს, რომ სააკაშვილს გადაიყვანდნენ ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიუთითებდა, დღეს ამბობენ, რომ გადავიყვანთ არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არამედ ციხეზე” – ბექა ბასილაია

ჩვენ ვხედავთ, როგორი პანიკური შიში აქვს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენასთან დაკავშირებით. არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. გუშინ წარმოდგენილ ბრალთან დაკავშირებით სასამართლოშიც არ მიაქვთ საქმე, რომ სააკაშვილს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უღირსი ქცევით ხასიათდება ხელისუფლება, როდესაც ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაიყვანენ არა ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებს, არამედ ციხის კლინიკაში.

„რაც შეეხება საავადმყოფოს საკითხს, აქაც კი მდაბიო და უღირსი ქცევით ხასიათდება ხელისუფლება, როდესაც თავდაპირველად თქვეს, რომ გადავიყვანთ ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებსო, ერთ დღეშივე უარყვეს თავისივე განცხადება. დღეს იძახიან, რომ არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არა იმ კლინიკაში, სადაც პენიტენციურს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საუბარია „ვივამედზე“, არამედ გადავიყვანთ ციხეზე. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩდეს საზოგადოების წინაშე. აქვთ შიში, რომ არ გაიმართოს კვლავ დემონსტრაციები, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, ის მორალურად არის სრულიად თავისუფალი, მხნედ და მისი ფიზიკური გათავისუფლების საკითხიც ძალიან მალე გადაწყდება.

გავიარე აბსოლუტურად საქმის ყველა მასალა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლება ცრუობდა, რომ მათ იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქ არის რამდენიმე საქმე წარმოდგენილი. ელგუჯა ცომაიას ბრალდების საქმე, საზღვრის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმე. ყველა ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია პირველ ოქტომბერს. არც ერთ ამ საქმეში არ მოიპოვება არც მოწმის ჩვენება, არც ოპერატიული პატაკი, რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მათ იცოდნენ პირველ ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს ხელისუფლება არის ცრუ ხელისუფლება, ბანძი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. მე-18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვა, მათ შორის არსებობს კითხვა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ხომ არ არის ეს მორიგი პროვოკაცია.

ელგუჯა ცომაია არის თანამედროვე გმირი. მისი საქციელი ტოლფასია იმ ხალხის, ვინც საქართველის პირველ პრეზიდენტს, დევნილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას გაუმართა ხელი. მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს დევნილი პრეზიდენტი. ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქისთვის არის პატივი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და შეხედულებისა, დევნილი პრეზიდენტისთვის გაემართა ხელი. როდესაც საქართველის მესამე პრეზიდენტი პრორუსული მთავრობის მიერაა დევნილი, მის მიერ საქართველოში შემოსვლა არის პოლიტიკური აქტი და აქ სამართალდარღვევაზე საუბარი აბსურდია. სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლობის საფუძველი არის ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა. შეუძლებელია მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა დავინახოთ იმ ვითარებაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი გმირული ნაბიჯით პროვოკაციებს გადაარჩინა ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი. პროვოკაციებს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება გეგმავდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯი იყო უაღრესად მშვიდობიანი და ქართველი ერის ინტერესებში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი თემები