ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს სავარაუდოდ C ვიტამინი გაუკეთეს. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

როგორ ზაალ კაპანაძე აცხადებს, კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა. ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი სანქცია, რომელიც სერტიფიკატის გაუქმებას ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში, აზრს კარგავს

“აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე.მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატი და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას,” – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ზაალ კაპანაძის თქმით, ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

რაც შეეხება მსგავსი ფაქტების პრევენციის ბერკეტებს. ზაალ კაპანაძის თქმით, კონკრეტული ბერკეტები არ არსებობს, თუმცა ეჭვის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე გადაამოწმონ.

მსგავსი თემები