მოკლული ქალი ყოფილი მეუღლისთვის შემაკავებელი ორდერი გამოწერას ითხოვდა

„ყოფილმა ვიცე-მერმა მასზე და მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა“ – აცხადებს დღეს მოკლული ქალის – ანასტასია შატალოვას ადვოკატი. მისი მტკიცებით, სასამართლოს  ბათუმის ყოფილი ვიცე-მერისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საქმე უნდა განეხილა.  

„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესის სხდომა უნდა გამართულიყო, მისი და ვაჟის სახელით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. თუმცა, გადაიდო სხდომა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზაფხულში დამიკავშირდა თბილისიდან და მითხრა, რომ მოხდა მასზე და ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. იმავე მოსამართლემ, რომელმაც დაკავების განჩინება გასცა, 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი 30 დღიანი ორდერიც კი გაიცა. გავიდა ეს ვადა და შატალოვამ მე, როგორც მის ადვოკატს დამავალა, რომ მაქსიმალური, 9-თვიანი ვადით გამოცემულიყო ორდერი“, – აცხადებს ადვოკატი პაატა შავაძე.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა თბილისში დღეს მოკლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის უკან განცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემაც გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით და პოლიცია ყველა ვერსიაზე, ყველა მიმართულებაზე, რაც შეიძლება ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, აქტიურად მუშაობს.

მსგავსი თემები